ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი გულის უკმარისობის სიმპტომით ლოს-ანჟელესის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული. ჯერჯერობით უცნობია, ექიმთა დაკვირვების ქვეშ რამდენ ხანს დარჩება მსახიობი. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება.
ელიზაბეტ ტეილორმა თავი შეუძლოდ 8 თებერვალს იგრძნო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მას შემდეგ იჩინა თავი, რაც იგი პნევმონიით დასნეულდა. ბოლო დროს მსახიობი ინვალიდის ეტლით ხშირად სარგებლობდა.
ავადმყოფობის გამო ელიზაბეტ ტეილორმა 9 თებერვალს, ნიუ-იორკში გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავა. ამ ღონისძიებაზე ელიზაბეტ ტეილორსა და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს შიდსთან ბრძოლის საქმეში სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერისთვის ჯილდო უნდა გადასცემოდათ.
შეგახსენებთ, ჰოლივუდის მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი ქალის საუკეთესო როლისთვის "ოსკარის" პრემიით ორჯერ დააჯილდოვეს. მისი ჰონორარები მილიონ დოლარს აღწევდა. მსახიობის პირადი ცხოვრებაც სკანდალებით იყო განთქმული. ელიზაბეტ ტეილორმა სახელი ფილმ "კლეოპატრას" შემდეგ გაითქვა. უკანასკნელ წლებში იგი შიდსთან ბრძოლის კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.