საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა დავითაიამ დევნილების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იძულებით გადააადგილებულ პირებთან დაკავშირებით შემუშავებული სახელმწიო სახელმწიფო სტრატეგია რეალურად არ სრულდება. დეპუტატმა გააკრიტიკა ის მიმდინარე პროცესი, რომლითაც დევნილი მოსახლეობის გამოსახლება ხდება დროებითი ჩასახლების ადგილებიდან. ამას შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ თითოეული დევნილის საქმის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა უნდა მოხდეს და როდესაც ისინი თბილისში არიან ინტეგრირებულნი, არ შეიძლება მათი ფოცხოეწერში გასახლება ხდებოდეს.
დავითაიამ შესაბამისი უწყების თანამშრომლები დაადანაშაულა პრეზიდენტისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში და განმარტა, რომ სინამდვილეში 25 ათას დევნილს კი არ მიუღია საკუთრებაში გარემონტებული ფართი, არამედ 7 260-მა ოჯახმა მიიღო. დავითაია აღნიშნავს, რომ შესაბამისი ამონაწერი მან საჯარო რეესტრიდან მოითხოვა.
"როდესაც საუბარია გამოსახლების თემაზე, ის მიდგომა რაც ხორციელდება, არის მიუღებელი. არ ხდება მათთან გასაუბრება და ინდივიდუალური მიდგომა. ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობენ, ფოცხოეწერში აგზავნიან. ეს ყოვლად მიუღებელია. თქვენ აღნიშნეთ, რომ 25 ათას ოჯახს გადაეცა სკაუთრების უფლება და მინდა გითხრათ, რომ ხართ შეცდომაში შეყვანილი. მე გამოვითხოვე საჯარო რეესტრის ჩანაწერი და 7 260 ბინაა საკუთრებით გაცემული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რაც შეეხება 2008 წლის დევნილებს, მიწის ნაკვეთები გაცემულია 1400 ოჯახზე. ამ ამონაწერში საერთოდ არ არის ფოცხოეწერის საკითხი. მინდა გადავცე ეს ამონაწერი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, რათა გაერკვიონ ამ საკითხებში რაც პრობლემა არის, რადგან რეალურად საუბარია 25 ათას ოჯახზე", - განაცხადა დავითაიამ და აღნიშნა, რომ მას აქვს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმოწერა, სადაც შს ეკითხება დევნილთა სამინისტროს, გაცემულია თუ არა დახმარებები და კომპენსაციები. აღნიშნულია, რომ ყველა დაკმაყოფილებულია კომპენსაციის სახით, რაც არის სიცრუე. E
"ეს მხოლოდ 10 პროცენტია და 90 პროცენტი გადავიდა ქირით. პრობლემა ისაა, რომ დამოკიდებულება მძიმეა დევნილების მიმართ და ამის მაგალითია, როდესაც ქალბატონმა ფიფიამ დაიწვა თავი და ეს მოხდა იმიტომ, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მინდა გთხოვოთ, რომ ჩატარდეს გამოძიება, რომელიც დაიწყო ამ ქალბატონთან დაკავშირებით და ბოლომდე მიყვანილი არ არის", _ განაცხადა დავითაიამ.