პრეზიდენტ სააკაშვილს არ გააჩნია აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენის რესურსი და მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზების უნარი.
ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს აღნიშნა.
"სააკაშვილის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველო, როგორც არასდროს, შორს არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისგან", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვითარება წლიდან წლამდე უარესდება.
მისი თქმით, სწორედ სააკაშვილისა და მთავრობის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში უმუშევრობა უკვე 40%-ზე მეტია, საგარეო ვალმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საარსებო მინიმუმმა 150 ლარს მიაღწია, ინფლაცია კი 12%-ს გადასცდა.
"მაინტერესებს, პრეზიდენტისგან მოვისმინო, არის თუ არა მის ვირტუალურ საქართველოში პენსია 100 დოლარის ეკვივალენტი და "საქართველო სიღარიბის გარეშე"?" - აღნიშნა დეპუტატმა.
მან სააკაშვილი და მისი გუნდი ინფლაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ უუნარობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნებაც არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნებოდა არა ბიუროკრატიული აპარატისა და პრეზიდენტის მრვალმილიონიანი ახირებების დაკმაყოფილებაზე, არამედ დევნილებისა და ვეტერანებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე.
"თუ დაფიქრებულხართ თქვენ ან თქვენი ერთ-ერთი "წარმატებული" მინისტრი, იმაზე, რამ აიძულა დევნილი ნანა ფიფია, თავი დაეწვა დევნილთა სამინისტროს ეზოში?! თუ გინანიათ ერთხელ მაინც თქვენი მმართველობის დროს ქუჩაში უდანაშაულოდ დახოცილი ახალგაზრდების გამო? სამაგიეროდ, სიამაყით გვიცხადებთ, რომ იმ მოდელირებული ქრონიკის ავტორი ბრძანდებით, რომელიც უკანონოდ მითვისებულ ტელევიზიაში გავიდა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.