"ქრისტიან-დემოკრატები" მიხეილ სააკაშვილს ფოცხოეწერში დევნილებთან ორი დღის გატარებას ურჩევენ. ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატებზე პირველმა გამომსვლელმა, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
"გორში ტოლვილთა სამინისტროს გადატანა არაეფექტური იქნება, რადგან იქ დევნილები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ინიციატივა გაიზიარეთ და ფოცხოეწერში გადაიტანეთ სამინისტრო. იქნებ თქვენმა ჩინოვნიკებმა ხალხთან ურთიერთობა მაინც ისწავლონ და ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მიაყენონ და პანღურებით აღარ გამოყარონ კაბინეტიდან", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი თქმით, დევნილებისთვის სოციალური შეღავათების გაუქმებით მათ სასიკვდილოდ იმეტებენ.
"იქნებ სცადოთ და ერთი-ორი დღე ფოცხოეწერში იცხოვროთ 22-ლარიან დახმარების, 100 კილოვატი ელექტროენერგიის და 1 კუბური მეტრი შეშის გარეშე და ამის მერე შეადაროთ, გავუსწარით თუ გაგვისწრო შევაიცარიამ", - განაცხადა დეპუტატმა.
დეპუტატმა პრეზიდენტს მოუწოდა, მათ მიერ დასმული შეკითხვებზე ერთხელ მაინც ადეკვატური პასუხი გასცეს.