იუსტიციის სამინისტროს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის დელეგაცია სტუმრობდა. უცხოელი სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ, დაათვალიერეს იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობა და სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ევროპელ სტუდენტებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები წარუდგინეს. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა არასრულწლოვანთა განრიდების, „ჩემი უფროსი მეგობრის", სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ ისაუბრეს; მომსახურების სფეროში დანერგილი სიახლეები ევროპელ სტუდენტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გააცნო.
შეხვედრა სამინისტროში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) პრეზიდენტთა საერთაშორისო სამიტის ფარგლებში შედგა. სამიტი თბილისში 10 თებერვალს გაიხსნა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 50-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდული სამიტის მიზანია ქართველი სტუდენტების დაახლოება ევროპელ ახალგაზრდებთან, მათთვის საქართველოს კულტურული და ტურისტული შესაძლებლობების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაცნობა. ელსა-ს პრეზიდენტების საერთაშორისო სამიტი სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. პროექტის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) არის საერთაშორისო, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ევროპის ქვეყნების იურისტ სტუდენტებს აერთიანებს. ასოციაცია 1981 წლის 4 მაისს ვენაში შეიქმნა. ევროპის მასშტაბით ასოციაციის უმთავრესი პრიორიტეტია მაღალკვალიფიციური იურიდიული განათლებისათვის საჭირო სტანდარტების დანერგვა.
დღეისათვის ასოციაცია ორმოცი სახელმწიფოს 30 000-მდე მოტივირებულ, ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი 2008 წელს გახდა.