აშშ-ის საელჩომ საქართველოში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ (IREX) საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, 2011 წელს გამარჯვებული ტელევიზიები დაასახელა. ესენია ბათუმის "25-ე" არხი და გურჯაანის ტელევიზია "გურჯაანი".
აღნიშნული ტელევიზიები პროგრამის ფარგლებში შეძლებენ დაამყარონ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები შერჩეულ აშშ-ის ტელევიზიებთან, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით.
წარმომადგენლები ტელეკომპანია "გურჯაანიდან" და "25-ე არხიდან" გაიგზავნებიან აშშ-ის პარტნიორ ტელევიზიებში და გაივლიან ინტენსიურ სტაჟირებასა და კონსულტაციებს. აგრეთვე ექსპერტები აშშ-ის პარტნიორი ტელევიზიებიდან ესტუმრებიან ქართულ ტელეკომპანიებს და ადგილზე ჩაუტარებენ მათ ტრენინგებს და გაუწევენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს.
ამასთანავე განხორციელდება ქართული პარტნიორი ტელევიზიების საჭიროებებზე მორგებული ვირტუალური კონსულტაციები, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის კუთხით გაძლიერებას და მდგრადი ახალი ამბების ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას.
საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)ახორციელებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას, ქართული რეგიონული ტელევიზიების პროფესიული ზრდის მეშვეობით.