მთავარი მიზეზი რუსეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობების გაუარესებისა როგორც რუსული ისე იაპონური მხრიდან შიდაპოლიტიკური სიტუაციაა. მიიჩნევს რუსეთის კარნეგის ცენტრის ექსპერტი ნიკოლაი პეტროვი კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის კომენტირებისას.
"ამ ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გაუარესდა იაპონიასთან ურთიერთობა. ჩემი აზრით მთავარი მიზეზი როგორც რუსული ისე იაპონური მხრიდან შიდაპოლიტიკური სიტუაციაა. რუსეთში იწყება წინასაარჩევნო კამპანია და კურილიის კუნძულები ძალიან კარგი საბაბია იმისათვის, რომ აჩვენონ თუ როგორ შეუძლიათ დაიცვან რუსეთის სახელმწიფო ინტერესები. იაპონიაში კი მმართველი პარტიის პოპულარობა ვარდება და ეს პრობლემა მათ საშუალებას მისცემს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე რეიტინგი აიმაღლონ. ეს ყველაფერი კი რუსეთ-იაპონიას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს", _ აცხადებს პეტროვი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვს იაპონიასთან ურთიერთობები ეძაბება. დიპლომატიური პროტესტი უკვე სამხედრო ძალის დემონსტრირებაში გადაიზარდა. მოსკოვმა სადავო კუნძულებზე შეიარაღებული ძალები გადაისროლა. დღეს კრიზისის ფონზე პირველი მოლაპარაკებები ედგა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა და ითხოვს პასუხს კითხვაზე - რატომ ახდენს რუსეთი შეიარაღების კონცენტრაციას იაპონიის საზღვრებთან. ცნობილია ასევე ისიც, რომ საფრანგეთისაგან ნაყიდ ვერტმფრენმზიდ "მისტრალს" მოსკოვი სწორედ იაპონიის ტერიტორიაზე განათავსებს. დღეს სერგეი ლავროვისა და მის იაპონელი კოლეგის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რა ეტაპზეა დიპლომატიური სკანდალი მოსკოვსა და ტოკიოს შორის.