11 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა.
განხილვაში მონაწილეობდნენ, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე გაეროს ასოციაციისა და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები.მოწვეულმა სტუმრებმა პროექტის ავტორებს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროექტის წარმატებისათვის აუცილებელი ღონისძიებები.
დასახეს კონკრეტული ამოცანები პროექტის ცნობადობის ასამაღლებლად და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით.„ჩემი უფროსი მეგობარი" იუსტიციის სამინისტომ და გაეროს ასოციაციამ ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ) არასრულწლოვნებზე ზრუნვას.
პროგრამის ფარგლებში ხდება არასრულწლოვანის და ზრდასრული მონაწილეების შერჩევა კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. პროგრამის თანამშრომელი უზრუნველყოფს არასრულწლოვანის, მისი ოჯახის წევრებისა და ზრდასრული მონაწილის პირველ შეხვედრას და აცნობს პროგრამის წესებს, რის შემდეგაც ხელი ეწერება ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უფროსი მეგობარი ყოველთვიურად გარკვეულ დროს უთმობს თავის უმცროს მეგობარს, აძლევს მას რჩევა-დარიგებებს, მონაწილეობს მასთან ერთად სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში.
პროექტის მიზანია არასრულწლოვანის ნდობის ამაღლება უფროსების მიმართ, სწავლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მეგობრების შეძენა, კონტაქტების დამყარება და წარმატებისკენ სწრაფვა, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.