ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 1100 დრონი, 890-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა: ბალისტიკური, ფრთოსანი და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკიც კი“.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა ისეთ სამიზნეებზე, რომლებსაც სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდათ, კერძოდ, ენერგეტიკულ ობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე
„ისინი განზრახ ელოდნენ ყინვას, რათა ჩვენი ხალხისთვის ყოფა გაერთულებინათ. ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი ხალხის წინააღმდეგ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ბევრ რეგიონში ვითარება კვლავ რთული რჩება.
„ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა ხალხისთვის ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება აღდგეს.
„და ეს ნამდვილად ტიტანური სამუშაოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის - ნორმალური ცხოვრების აღდგენა რუსული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ“, - აღნიშნა მან.