ბერლინის 61 საერთაშორისო კინოფესტივალზე 14 თებერვალს უჩვენებენ ალექსანდრე მინდაძის მიერ გადაღებულ ფილმს "შაბათი".
ბერლინალეს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ფილმის სახელის გასწვრივ წერია: "რუსეთ-გერმანია-უკრაინა".
თუმცა რუსი და უკრაინელის კრიტიკოსები და შესაბამისად ამ ქვეყნების მედიის წარმომადგენლები ფილმს თავიანთ საკუთრებად აცხადებენ.
უკრაინის კინოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანდრეი ხალპახჩი აცხადებს, რომ რიგ ფესტივალებზე ფილმის გასწვრივ საერთოდ არ არის მითითებული ქვეყანა, თუმცა "ბერლინალეზე უკრაინის სახელი გაჟღერებული იქნება".
როგორც ბერლინალეს კულუარებში უკრაინელი ჟურნალისტები აცხადებენ, ფილმის წარმატების შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად განაცხადებს, რომ "შაბათი" მათი კუთვნილებაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბერლინალეზე წარმოდგენილი რუსეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები ალექსანდრე მინდაძეს, რომელიც ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორიც არის, რუს რეჟისორად მოიხსენიებს.
უკრაინლები აცხადებენ, რომ ფილმის პროდიუსერი ოლეგ კოხანი უკრაინელია.
"ფილმის გამარჯვება ეს პირველ რიგში მისი პროდიუსერების გამარჯვებაა. ალექსანდრე მინდაძის ფილმში ჩადებული თანხის 40 პროცენტი უკრაინული ფულია", - აცხადებს ხალპახჩი.
ბერლინალეს კულუარებში თავად ფილმთან დაკავშირებით იმაზედაც მსჯელობენ, რომ სრულებით არ არის გამორიცხული მინდაძე, რომელსაც ბერილინალეზე 1991 წელს მოპოვებული აქვს ბაუერის პრიზი ფილმისთვის "მოსამსახურე", ხოლო 1995 წელს "ვერცხლის დათვი" ფილმისთვის "პიესა მგზავრებისთვის", წელსაც გახდეს ნომინირებული.
"შაბათი'" ჩერნობილის ტრაგედიას ეძღვნება და როგორც კრიტიკოსები აცხადებენ, ჟიურის თავმჯდომარე იზაბელა როსელინი ასეთი თემებისადმი საკმაოდ მგრძნობიარეა.