თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. პერმანენტულად წარმოებდა კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად",- აღნიშბულია განცხადებაში.
გათავისუფლებამდე მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.
აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. მან დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.