8 თებერვალს საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა წარმოადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მომზადდა.
საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი ამ რეორგანიზაციის (რომელსაც შეიძლება საბოლოოდ სამინისტროს ლიკვიდაცია მოჰყვეს) მოტივი და მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მიმდინარე ცვლილებების ძირითად მიზეზად სამინისტროში კორუფციის მაღალი დონე სახელდება, მაგრამ, როგორც საქართველოს მაგალითზე სხვა შემთხვევებშიც გვინახავს, ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციას არ საჭიროებს და მისი დაძლევა შიდა მმართველობითი ჯგუფის ცვლილებითა და მონიტორინგის უკეთესი სისტემის დანერგვითაცაა შესაძლებელი.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ეს პროცესი დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებსა და საფრთხეებთან. კერძოდ კი, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარემოსდაცვითი სტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის შემცირება, საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოს გარემოს დაცვის საქმე და შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი.
CENN მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ წარმოადგინოს საზოგადოების და პარლამენტის წინაშე:
_რეორგანიზაციის მოტივი და ის მიზანი, კონკრეტულად რა შედეგების მიღება სურს მთავრობას ამ ცვლილებებით.
_მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის დასაბუთება.
_ევროინტეგრაციის პროცესთან შესაბამისობა, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
ასევე ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან მიმართებაში უნდა განახორციელოს დაინეტრესებულ მხარეებთან კონსულტაცია და მიღებული რეკომენდაციების შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).