ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კულუარებში კრიტიკოსები კინოხელოვნებაში არსებულ კრიზისზე საუბარს არ ერიდებიან. თუმცა ეს დამოკიდებულება უკვე წლებია გრძელდება და თუ ცოტათი მაინც ობიექტურები ვიქნებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კრიტიკოსებს ბერინალეს შედეგების პროგნოზირება საკმაოდ უჭირთ და კრიზისზე საუბარი "ჰაიატის" ფოიესა თუ სხვა საფესტივალო ადგილებში მოდური "პოზას" უფრო ჰგავს.
ფესტივალის ორგანიზატორები კი იმედოვნებენ, რომ საფესტივალო პროგრამა მაყურებლებისა და იმავე კრიტიკოსებისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება.
61-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება რალფ ფაინსის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარი "კაროლაიანი", მირანდა ჯულის "მომავალი", ვიქტორია მაჰონის სადებიუტო დამუშევარი "ცაში ფრენა", ანდრეს ვაიელის "ვინ თუ არა ჩვენ" , თურქი რეჟისორის სეიფ ტეომანის "ჩვენი უდიდესი სასოწარკვეთილება", ებრაელი რეჟისორის ჯონათან საგალის "ლიფსტიკა".
ასევე საკონკურსო ჩვენებაში იქნება უნგრელი რეჟისორის ბელ ტარის "ტურინის ცხენი", პაულ მარკოვიჩის "პრიზი", ასგარ ფარხადის "ნადერი და სიმინი", ფრანგი რეჟისორის მიშელ ოსელოს ანიმაციური სამგანზომილებიანი ფილმი "ღამის ზრაპრები", ჯი სი ჩენდორის "მარგინალური ვაჭრობა", ლი იონ კის "ხან წვიმა, ხან მზე", ულრიხ კოლერის "ძილის ავადმყოფობა", ჯოშუა მარსტონის "სისხლის პატიება", როდრიგო მორენოს "ამოუცნობი სამყარო", ალექსანდრე მინდაძის "შაბათი".
ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის საკმაო ყურადღება ეთმობა უნგრელი რეჟისორის ბელა ტარის ფილმს "ტურინის ცხენი", რომელიც ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირდება.
ფილოსოფოსი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ ჰქონდა ნანახი და ბოროტების ბუნებაზე არაერთი დასკვნები და არგუმენტები ჰქონდა გაკეთებული მედროგის მიერ ავადმყოფი მოხუცი ცხენის ცემის ფაქტს შეესწრო. ნიცშე ამ საშინელმა სანახაობამ გონების დაკარგვამდე მიიყვანა.
ფილმებს შორის, რომლებიც კრიტიკოსების მიერ ოქროს დათვის სავარაუდო კანდიდატებს წარმოადგენენ რაიფ ფაინსის "კაროლაინიც" არის. რეჟისორმა თავისი სადებიუტო ნამუშევრისთვის უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ურთულესი ნაწარმოები აიღო.
სავარაუდო პრეტენდენტებად ასევე სახელდებიან ამერიკელი რეჟისორების მირანდა ჯულის "მომავალი" და ჯე სი ჩენდორის "მარგინალური ვაჭრობა". უნდა აღინიშნოს რომ ამ ფილმში რეჟისორმა საკმაოდ საინტერესო სამსახიობო ანსამბლი მოიწვია დემი მურის, ჯერემი აირონსის და კევინ სპეისის შემადგენლობით.
ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება ვერნერ ჰერცოგისა და ვინ ვენდერსის ფილმი.
სავარაუდოდ ფესტივალი კვლავ პოლიტიკურ-სოციალურ მოტივებზე დასრულდება, თუმცა ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი თუ ვის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას ჟიური იზაბელა როსელინის ხელმძღვანელობით და ნინა ჰოსის, ამირ ხანის, გიუ მადინის, სანდი პოველის შემადგენლობით.
ბერლინალეზე პროგნოზები უმადური საქმეა.