არასამთავრობო ორგანიზაციებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სახელმწიფო პროგრამით ჩამოყვანილი უცხოენოვანი მასწავლებლების კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებთ.
როგორც დღეს განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე აღნიშნეს, დაუშვებელია სკოლაში შევიდეს პედაგოგად პირი, რომელიც არათუ პედაგოგი არ არის, უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს.
"სამხრეთ აფრიკის ქვეყნებშიც კი სკოლის პედაგოგისთვის აუცილებელია უმაღლესი განათლება", - აცხადებენ განათლების ექსპერტები და აქვე დასძენენ, რომ უცხოენოვან პედაგოგების უმეტესობას, რომელთა ჩამოყვანისთვის და პირობების შექმნისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 10 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, უმაღლესი განათლებაც კი არ აქვთ.
აღნიშნული საკითხის დასმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს განათლების სფეროს ექსპერტებმა "ქრისტიან-დემოკრატებს" სთხოვეს.