"ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი" სკოლებში ექიმის ინსტიტუტის აღდგენას ითხოვს.
როგორც დღეს "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დროს "ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის" ხელმძღვანელმა ზურაბ ბარათაშვილმა განაცხადა, თუ სახელმწიფო მართლაც ზრუნავს მომავალ თაობაზე, სკოლებში ექიმის და ან ექთნის ინსტიტუტი უნდა აღდგეს.
"გუშინ ვიყავი ერთ-ერთ სკოლის დირექტორთან, რომელთანაც მოსწავლე სიცხის გასაზომად შევიდა, მეორე ბავშვი კი იგივე მიზნით, კარებთან ელოდებოდა. აუცილებელია სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობაზე სპეციალისტები ზრუნავდნენ და არა დილეტანტები", - აღნიშნა ბარათაშვილმა.
ამასთან, "ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის" ხელმძღვანელმა აღნიშნული საკითხის დასმა "ქრისტიან-დემოკრატებს" პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების დროს სთხოვა.