ხვალ 14.00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „მარიოტში" პროექტ „მწვანე ყუთის" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი გახსნის.
პრეზენტაციას სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტი „მწვანე ყუთი" სამთავრობო და სხვა დაწესებულებებში (სკოლები, უნივერსიტეტები) ე.წ. „მწვანე ყუთების" დადგმას ითვალისწინებს, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები გამოყენებულ მაკულატურას განათავსებენ. ყუთის შევსების შემდეგ მაკულატურას საწყობში გადაიტანენ. მაკულატურის მოთავსების შემთხვევაში პირს საშუალება ექნება აიღოს ყუთთან განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის პარკი.
საწყობში მაკულატურის მოგროვების შემდეგ ტექნიკიური პერსონალი ქაღალდს გადამამუშავებელ ქარხანში ჩააბარებს, რის შემდეგაც სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე განსაზღვრული თანხა გადაირიცხება. აღნიშნული თანხა პროექტის საჭიროებებისთვის მოხმარდება.
პროექტის მიზანია მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დამკვიდრება, ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი სერვისის განვითარება.