საქართველოს პრეზიდენტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურით დამთავრებული ყველა ატყუებს.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პროფესიული განათლების ასოციაციის თავმჯდომარემ დენის დავითაშვილმა განაცხადა.
"ატყუებენ პრეზიდენტს, როდესაც ეუბნებიან, რომ რევოლუციურ ცვლილებებს ვახორცილებთ პროფესიულ განათლებაში და მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ჩვენთან სასწავლებლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მერე დღეს მინისტრი შაშკინი ერთი ბრძანებით 18 სასწავლებელს აუქმებს", - აღნიშნა დენის დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ ევროკავშირი მხარს გვიჭერს და შუალედური სტრატეგიის განხორციელებისათვის 19 მილიონი ევრო გამოყვეს, ამ დროს ჩამოსულმა ექსპერტებმა დადგინეს, რომ სტრატეგიით გათვალისწინებული არცერთი მუხლი შესრულებული არ არის.
"ამ დროს კი ეუბნებიან სააკაშვილის, რომ სტანდარტები და პროგრამები დამტკიცებულია და ახალი სასწავლებელი შეიქმნა. რაც მთავარი კი წელს 25 ათასი სტუდენტი უნდა გამოუშვან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გასცენ 25 ათასი დიპლომი და ჩვენი დამსაქმებლები, ან უცხოელები მიიღებენ მაღალი დონის მომზადებულ სპეციალისტებს. ეს ყველაფერი ტყუილია, რადგან სამოსწავლო სისტემაში სულ 3000 ადგილი დარჩა", - განმარტა მან.
ამასთან, დენის დავითაშვილის თქმით, შაშკინმა ევროკავშირის და მისი ქვეყნების გამოცდილების მაგივრად, სადაც მინიმალური სწავლის ვადა არის სამი წელი, ხოლო განათლების მინისტრმა რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო და მაღალი დონის სპეციალისტების გამოშვება სამ თვეში გადაწყვიტა.
"აქ არის ძაღლის თავი დამალული. ერთ პირს აიძულონ სამჯერ და ხუთჯერ ერთ საფეხურზე აიძულოს მიიღოს განათლება ან უფასო საბიუჯეტო სასწავლებელში ან იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომელებიც ასე თუ ისე კარგად ასრულებენ თავიან აკადემიურ სწავლების პირობებს, მაგრამ მათ მისცემს უფლება, რომ დაიწყონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და მასიურად შემოვიდა 2000-მდე სხვადასხვა სპეციალობის პროგრამები. ამ დროს კი კერესელიძე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისე რომ ვერ თვითონ ვერ ერკვევა პროფესიულ განათლებაში და არც ერთი თანამშრომელი არ ჰყავს, ვისაც ამ სფეროში გამოცდილება ექნება", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ეს პროგრამები არის ფარატინა ქაღალდები და ამით მომზადებულს არ ექნება არავითარი დონე და ამაში ფულს სტუდენტები და მათი მშობლები ტყუილად დახარჯავენ.