მედიის საშუალებებით მოსახლეობასა და მედიცინის მუშაკებს შორის შუღლის ჩამოგდება ხდება.
ამის შესახებ საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის პროფკავშირების პრეზიდენტმა ჯონი ჯანაშიამ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
"საკითხები, რომელიც ყველა ექიმს გვაღელვებს, არ არის მედიცინის პროფკავშირების მიერ თითიდან გამოწოვილი. ეს არის ის რეალობა, რომელიც საქართველოში ხორციელდება. დღეს თითქმის ყოველდღიურად მედიცინის მუშაკებზე და დარგზე ხდება ტოტალურ შეტევა. კერძოდ კი, მასმედიის, ტელევიზიების საშუალებით ცალკეული ექიმების, პიროვნებების დანაშაულის წინ წამოწევა, ძველი ინციდენტების გახსენება და ამის მთელ დარგზე განზოგადება, რაც ხელს უწყობს მოსახლეობას და მედიცინის მუშაკს შორის შუღლის დათესვას", - აღნიშნა მედიცინის პროფკავშირების პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, ასეთი პროპაგანდით ორი კურდღლის დაჭერა სურთ, ერთის მხრივ მოსახლეობისა და მედიცინის მუშაკების ერთმანეთისგან გათიშვა და მეორეს მხრივ, სამედიცინო პერსონალის დამონება, რომ მორჩილ ბრბოდ აქციონ.