მანდატურის სკოლის დირექტორად დანიშვნამ მანდატურებს კარებზე "ყურის მიდების" მოტივაცია კიდევ უფრო გაუძლიერათ.
ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დღეს, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"სკოლებში მანდატურებს იმაზე მეტი უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული, ვიდრე ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. მათ შეუძლიათ პედაგოგის საქმიანობაში ჩარევა და მათი კონტროლი, ხოლო მანდატურებსა და პედაგოგებს შორის ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ერთ-ერთი მათგანი დირექტორად დაინიშნა. ამით მანდატურებს კარებზე "ყურის მიდების" მოტივაცია გაუჩნდათ", - აღნიშნა ვეფხვაძე.
რაც შეეხება კერძო სკოლებში მანდატურების შესვლის საკითხს, დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით კერძო სკოლის ინსტიტუტის არსებობას აზრი ეკარგება.
"ეს არის კერძო ბიზნესი და წარმოუდგენელია, როგორ მოხდება მასწავლებლების გაკონტროლება", - აღნიშნა ვეფხვაძემ და აქვე დასძინა, რომ მანდატურებმა სკოლებში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნონ და არა პედაგოგების შესახებ ინფორმაციის განათლების სამინისტროში მიტანამდე.
"განათლების სამინისტრომ ჯერ საჯარო სკოლებში და ახლა უკვე კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მსტოვრების ინსტიტუტი დანერგა", - აცხადებს დეპუტატი.