აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია როდის დადგება მშვიდობა. ამის შესახებ ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვენსის თქმით, მოლაპარაკებების დროს სირთულეებია სამ მხარესთან: უკრაინელებთან, რუსებთან და ევროპელებთან.
თუმცა, მისი აზრით, „გარღვევა“ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა (საკამათო) საკითხი ღია განხილვისთვის არის წამოწეული.
ვენსმა ჩამოთვალა მოლაპარაკებების ყველაზე საკამათო საკითხები, რომელთა შორის მთავარი ტერიტორიული საკითხია
„რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის (დონეცკის ოლქი) ტერიტორიის კონტროლი.
გასაგებია, რომ უკრაინელები ამას სერიოზულ უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევენ [მაშინაც კი თუ] პირად საუბრებში აღიარებენ, რომ საბოლოოდ, სავარაუდოდ, დონეცკს [ მთელი დონეცკის რეგიონს] დაკარგავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში: ეს შეიძლება 12 თვეში მოხდეს, ან შეიძლება მოგვიანებითაც. ამგვარად, ეს ტერიტორიული დათმობა მოლაპარაკებების მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს – მე ვიტყოდი, რომ ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
ასევე, მისი თქმით, არის „რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი“.
„ვინ აკონტროლებს ატომურ ობიექტს (ზაპოროჟიეში)? შესაძლებელია თუ არა მისი ერთობლივი კონტროლი? საჭიროა თუ არა მისი კონტროლი ერთი ან რამდენიმე მხარის მიერ? რა მოხდება საბოლოოდ უკრაინაში ჯერ კიდევ დარჩენილ ეთნიკურ რუსებთან დაკავსირებით? რა ბედი ელით რუსეთში მყოფ ეთნიკურ უკრაინელებს? რა შეიძლება ითქვას უკრაინელებზე, რომლებიც ამჟამად [რუსეთის მიერ ოკუპირებულ] ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ უკრაინაში ცხოვრება სურთ? როგორ შეიძლება ამის შემსუბუქება? ბევრმა რუსმა დასვა მსგავსი კითხვა. და, რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენის საკითხი“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება გარკვეული საკითხების პრესაში გაჟონვას და თვლის, რომ ყველა მხარე „კეთილი ნებით“ მონაწილეობს მოლაპარაკებებში.
თუმცა, მშვიდობის მიღწევის პერსპექტივების შეფასებისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს არ გამოუთქვამს რწმენა, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებების მცდელობას. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ დღეს დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ მშვიდობიან გადაწყვეტას მივაღწევთ. ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ ამას მივაღწევთ, მაგრამ ასევე დიდი შანსია, რომ მას ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.