იუსტიციის სამინისტრომ, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ქ.თბილისის № 52 საჯარო სკოლაში ახალი პროექტის „ჩემი უფროსი მეგობრის" პრეზენტაცია გამართა.
პროექტი მიმდინარეობს გაეროს ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით.
იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ სკოლის მოსწავლეებს ამ პროექტის მიზნები გააცნეს .
„ჩვენი ახალი პროგრამა არასრულწლოვნის და უფროსი თაობის ადამიანის ნებაყოფლობით მეგობრობას გულისხმობს," - განაცხადა ანდრო გიგაურმა. „ამ ურთიერთობის ფარგლებში მოზარდი უფროსი მეგობრისგან სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს, ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას, დაშვებული შეცდომების გააზრებას და მათ გამოსწორებას, შეიგრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამას არასრულწლოვანი მაგალითის სახით იღებს უფროს მეგობართან ურთიერთობის პროცესში , და არა - თეორიული სწავლების სახით, რაც პროქტის ეფექტურობას უზრუნველყოფს".
შეხვედრის ბოლოს ანდრო გიგაურმა და ირინა ქურდაძემ უფროსკლასელების მიერ პროექტის გარშემო დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
„ჩემი უფროსი მეგობარი" იუსტიციის სამინისტომ და გაეროს ასოციაციამ ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ) არასრულწლოვნებზე ზრუნვას.