კანადური ტელეკომპანია ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური მასალის უტყუარობის უარყოფას არ აპირებს.
როგორც არხის პროდიუსერმა მაიკლ დრეიქაპმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, მათ ხელთ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ტრასის ის მოსახვევი, რომელშიც ქუმარიტაშვილის ტრაგედია მოხდა, ინციდენტიდან მოკლე ხანში შეცვალა.
"მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ მომხდარიდან მოკლე ხანში მნიშვნელოვნად შეცვალა ტრასის მე-15 და მე-16 მოსახვევი, სადაც ნოდარის ტრაგედია მოხდა. ცვლილებები იმაშიც გამოიხატა, რომ ტრასის საფარი კარდინალურად გადაკეთდა. არც ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია, არც საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტი და არც თამაშების ორგანიზატორები ახლა არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ ეს ცვლილებები საერთოდ მოხდა, თუმცა ტრასის დიზაინერი ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, წერს, რომ მომხდარი ცვლილებები ტრასას უფრო უსაფრთხოს გახდის ყველა სპორტსმენისთვის. თუ შევადარებთ ამ ინფორმაციას აქამდე გავრცელებულ ცნობას, თითქოს ნოდარი მე-15 შესახვევში არასწორად შევიდა, მივხვდებით, რომ ცვლილებები ტყუილად არ მომხდარა", - განაცხადა მაიკლ დრეიქაპმა.
შეგახსენებთ, რომ "ჩBშ"-ის ეთერში გასულ გადაცემაში აღნიშნულია, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების მიზეზი ტრასის გაუმართაობა გახდა, რის შესახებაც ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია, საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტი და თამაშების ორგანიზატორები 11 თვით ადრე იყვნენ ინფორმირებულნი.