"საექიმო პრაქტიკა" სამედიცინო განათლების მქონე მკითხველისთვის განკუთვნილი ჟურნალია. ის მთლიანად მტკიცებულებით მედიცინას ეფუძნება და შეი¬ცავს უახლეს ინფორმაციას, რომე¬ლიც ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული ყოვე¬ლი მედი¬კოსისთვის.
კონკურსი 2008 წელს, ჟურნალთან ერთად დაარსდა. იდეა კომპანია "ავერსის" დამფუძნე¬ბელს, ჟურნალ "საექიმო პრაქტიკის" გამოცემის ერთ-ერთ ინიციატორს პაატა კურტანიძეს ეკუთვნოდა.
ჟურნალი კომერციულ მოგებაზე იმთავითვე არ ყოფილა გათვლილი. მისი გამოცემის მთავარი მიზანი ექიმთა უწყვეტი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და წახალისება გახლდათ. ამავე მიზნით დაფუძნდა კონკურსიც, რომელში მონაწილეობაც საქართველოში მცხოვრებ ყველა პრაქტიკოს ექიმს შეუძლია.
ჟურნალმა, ისევე როგორც კონკურსმა, მოკლე ხანში მოიხვეჭა პოპულარობა, რაც სრულიადაც არ ყოფილა მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ანალოგი ქართულ მედიასივრცეში არც ისე ბევრია, ხოლო ამ ტიპის კონკურსებით საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, რბილად რომ ვთქვათ, განებივრებული არ არის.
ჟურნალის ყოველ ნომერს ერთვის კითხვარი და ინსტრუქცია, სადაც კონკურსის წესები და პირობებია მითითებული. გამარჯვებულებს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ქულების საფუძველზე გამოავლენენ.
კონკურსის საპრიზო ფონდი 49 000 ლარს შეადგენს. საუკეთესო შედეგისთვის 10 000 ლარია დაწესებული, მეორე ადგილის ორი მფლობელი 5000-5000 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული სამი მონაწილე - 3000-3000 ლარს. ათი მონაწილისთვის კი დაწესებულია წამახალისებელი პრიზი, რომლის ოდენობა 1000 ლარია.
პირველი საზეიმო დაჯილდოება 2009 წლის თებერვალში გაიმართა. წელს "ავერსის კლინიკამ" დაჯილდოების ცერემონიალს უკვე მესამედ უმასპინძლა.
პირველი პრიზი თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმმა ელენე ბოჭორიძემ მიიღო. ელენე კონკურსში პირველად მონაწილეობდა, თუმცა "საექიმო პრაქტიკას" დიდი ხანია ადევნებს თვალს. "ჟურნალი ძალიან მომწონს და ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ, - გვითხრა მან, როცა ღონისძიების დასასრულს შთაბეჭდილებათა გაზიარება ვთხოვეთ, - მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა კონკურსში მონაწილეობა: ინფორმაციის მოძიება, შეჯერება, სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გადამოწმება... სწორედ ამ პროცესში დავრწმუნდი, რომ "საექიმო პრაქტიკა" ნამდვილად უახლეს და ძალზე სარწმუნო ინფორმაციას გვაწვდის, რაც ჩვენთვის, რეგიონის ექიმებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია".
თამარ თხლაშიძემ - კონკურსის მეორე პრიზი უკვე მეორედ მოიპოვა. "საქართველოში "ავერსი" წინსვლის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოა, - გვითხრა მან, - არ მიკვირს, ასეთი კარგი ჟურნალის გამოცემა რომ შეძლო. "საექიმო პრაქტიკა" მართლაც ძალზე დახვეწილი და თანამედროვე ჟურნალია. კონკურსზეც, ცხადია, კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით - ის ჩვენ, პრაქტიკოს ექიმებს, ცოდნის გაღრმავებისა და საკუთარ შესაძლებლობათა წარმოჩენის სტიმულსა და ასპარეზს გვაძლევს".
მეორე ადგილის მეორე მფლობელი, მარიკა ზარნაძე, ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრის მიმღები განყოფილე¬ბის გამგეა. "საექიმო პრაქტიკა" ჩემი ყოველდღიური საკითხავია.
- ყველა ექიმს ვურჩევ, ის სამაგიდო ჟურნალად გაიხადოს".
მანანა კახიანმა, ქუთაისის ენდოკრინოლო¬გიური დისპანსერის ექიმმა კარდიოლოგმა, კონკურსში მეორედ მიიღო მონაწილეობა, თუმცა შარშან წამახალისებელ პრიზს დასჯერდა, წელს კი მესამე პრიზის მფლობელი გახდა. "ჟურნალი ძალზე საინტერესოა, - სიამოვნებით ვავსებდი კითხვარს. მიხარია, რომ ცოდნა დამიფასდა. დიდი მადლობა კომპანია "ავერსის" მესვეურებს და ჟურნალის რედაქციას".
შარშანდელი გამარჯვებული, ფოთის ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი, პედიატრი შორენა ზარნაძე, წელს მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, მისთვის მოგებას იმხელა მნიშვნელობა არ ჰქონია, რამხელაც თავად კონკურსში მონაწილეობას: "მეორედ ვესწრები დაჯილდოებას და უკვე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს თვითონაც ავერსელი ვიყო. - მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ეს არის საუკეთესო გზამკვლევი იმ ქართველი ექიმებისთვის, რომელთაც სურთ, უახლეს სამედიცინო ცოდნაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი სარწმუნო არ არის, "საექიმო პრაქტიკა" კი კომპაქტურად და, რაც მთავარია, მშობლიურ ენაზე გვაწვდის სანდო ინფორმაციას".
თელაველი ექიმი, შპს "მკურნალის" თანამშრომელი ცისანა იმერლიშვილი, რომელიც კონკურსში დაარსების დღიდან მონაწილეობს, იგი მესამე პრიზით - 3000 ლარით ხელდამშვენებული დაბრუნდა შინ. "ეს კონკურსი რწმენას გვმატებს, რომ სამართლიანობა არსებობს, რომ ცოდნა და მონდომება ფასდება", - მადლიერებით აღნიშნა მან.
მანანა იორდანიშვილმა, თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ჩვილ ბავშვთა განყოფილების გამგემ, წლევანდელ კონკურსში წამახალისებელი პრიზი დაიმსახურა. "არ მეგულება საქართველოში მეორე ჟურნალი, სადაც ასე ამომწურავად, ასე კომპაქტურად იყოს თავმოყრილი უახლესი სამედიცინო ინფორმაცია, - თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის "საექიმო პრაქტიკა" უწყვეტი სამედიცინო განათლების ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია". გვითხრა ქალბატონმა მანანამ.
თელაველმა ექიმმა, შპს "მკურნალის" თანამშრომელმა, ალერგოლოგმა ნათელა წიქარაძემ კონკურსში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა და პრიზიორებს შორის მოხვედრა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
თერაპიის ეროვნული ცენტრისა და სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "მედპლიუსის" თანამშრომლის ია ხახუტაიშვილის და ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრის ექიმი ნონა კუკულაძეს აზრით "საექიმო პრაქტიკა" უდავოდ ძალზე საინტერესო და სასარგებლო ჟურნალია,
მაია ბიწკინაშვილმა, თერაპიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგმა, წამახალისებელი პრიზი მესამედ მიიღო. "ამ ჟურნალის მეშვეობით უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ და როგორც ექიმი, ვიზრდები, - აღნიშნა ქალბატონმა მაიამ, - ამ სამი წლის განმავლობაში ცოდნაც შევიძინე და არცთუ ისე მცირე თანხაც მოვიგე. უღრმესი მადლობა".
ლიანა კარდენახიშვილმა, გურჯაანის ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის "კახეთი-იონის" ექიმმა, ასევე 1000 ლარი დაიმსახურა. "მადლობის მეტი რა მეთქმის, - გვითხრა ქალბატონმა ლიანამ, - მეძლევა საშუალება, ჩემი ცოდნა გამოვავლინო".
წამახალისებელ პრიზს დასჯერდა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ამბულატორიის ექიმი თამარ ცელაძეც - 2008 წელს იგი 10 000 ლარის პრიზიორი გახლდათ. - ჟურნალი უწინდებურად ძალიან მოსწონს და კონკურსში მონაწილეობას სამომავლოდაც აპირებს.
წამახალისებელი პრიზის მფლობელებს შორის მეორედ მოხვდნენ თერაპიის ეროვნული ცენტრის ექიმი, ექოსკოპისტი ნანა ზაქაიძე და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, პედიატრი თინათიან აფციაური, ხოლო გურჯაანის პოლიკლინიკის ექიმმა მარეხ ჯავშანაშვილმა კონკურსში მონაწილეობა წელს პირველად მიიღო.
საქველმოქმედო და სამეცენატო საქმიანობა დიდი ხანია "ავერსის" ტრადიციად იქცა, მაგრამ ექიმებისთვის განკუთვნილი ეს კონკურსი თვისებრივად განსხვავდება ყველა სხვა პროექტისგან, რომელიც კი კომპანიას თავისი თექვსმეტწლიანი ისტორიის განმავლობაში განუხორციელებია. პრაქტიკოს ექიმთა პროფესიონალიზმის ამაღლება, უწყვეტი პროფესიული განათლება ის არის, რაც ქართულ მედიცინას მსოფლიო სტანდარტის მიღწევასა და შენარჩუნებაში დაეხმარება. რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?
"საექიმო პრაქტიკის" კონკურსი გრძელდება. ეწევით საექიმო პრაქტიკას? - ჩაერთეთ კონკურსში, მიიღეთ უფრო მეტი ცოდნა და მოიგეთ სოლიდური თანხა. წარმატებას გისურვებთ!