10 თებერვალს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტ "ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიის" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის მიზანია ბოლო 50 წლის განმავლობაში ქართული სასულიერო მწერლობის სფეროში წარმოებულ სამეცნიერო კვლევა-ძიებათა შედეგებისა და სიახლეების წარმოჩენა.
გამოკვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველოლოგიისა და ბიზანტინოლოგიის შემდგომი კვლევის საქმეში. ასევე, გამოკვლევა დააინტერესებს ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების ისტორიით დაინტერესებულ თანამედროვე მკითხველს. ნაშრომს სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს.
კორნელი კეკელიძის ფუნდამენტური მონოგრაფიის, "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის" ბოლო, ავტორისეული გამოცემის შემდეგ (1960წ.) გამოქვეყნდა ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები თუ საყურადღებო მონოგრაფიული ნაშრომები. ამ ნაშრომებმა ქართული მწერლობის მანამდე უცნობ არაერთ საკითხს ნათელი მოჰფინა და ახლებურად წარმოაჩინა ისინი.