გერმანიის ბავარიის მხარეში, უსაფრთხოების ძალებმა დინგოლფინგის მახლობლად საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს.
Welt-ის ცნობით, ქვემო ბავარიაში, დინგოლფინგის მახლობლად, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ხუთი კაცი დააკავეს.
ოთხი მათგანის დაპატიმრების ორდერი გაიცა, ხოლო ერთ-ერთს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რასაც მიუნხენის პროკურატურა ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სამი მაროკოელი, ერთი ეგვიპტელი და ერთი სირიელია.
ჯგუფის ორგანიზატორად 56 წლის ეგვიპტელი მიიჩნევა, რომელმაც, სავარაუდოდ, თავდასხმის განსახორციელებლად სამი მაროკოელი გადაიბირა.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილებს ჰქონდათ გეგმა, ავტომობილის გამოყენებით განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმა საშობაო ბაზრობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლებამ ინფორმაცია უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიიღო.