საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტია - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ჩაერთო. მოძრაობის წარმომადგენლები ჯგუფის შეკრებას დღეს პირველად დაესწრნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე "ახალი მემარჯვენეები" გამოვიდნენ ინიციატივით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომზადდეს სპეციალური გადაცემა, რომელიც ჯგუფის მუშაობას გააშუქებს.
"დღეს ჯგუფის მუშაობის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო. უმრავლესობა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია იმ თემებზე ცდილობს შეთანხმების მიღწევას, რომელსაც საარჩევნო კოდექსი მოიცავს. საუბარია ხმების ბიომეტრიული პასპორტებით მიცემაზე", - აცხადებენ ჯგუფის წევრები.
მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შენიშვნები მოისმინოს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს.
კონსულტაციების პირველი ეტაპი, რომელიც, ძირითადად, პროექტების პრეზენტაციასა და კითხვა-პასუხებს დაეთმო, გასული წლის დეკემბრის ბოლოს სიღნაღში დასრულდა.