დღეს "ქორთიარდ-მარიოტში" ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა "ოქროს ფრთის" ლაურეატები გამოავლინა.
დაჯილდოების მე-11 ცერემონიალს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ჟიურის თავმჯდომარე ნუგზარ რუხაძე უძღვებოდა. ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა.
"ოქროს ფრთის" ნომინანტები გახდნენ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც "ოქროს ფრთა" მწერალმა გურამ ოდიშარიამ გადასცა. გამორჩეულ ტელესახედ დასახელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ეკა მიშველაძე. გასული წლის ინოვაციურ მედიაპროექტ "პრაიმ-ტაიმისთვის" მისი მთავარი რედაქტორი თაკო ფხაკაძე დააჯილდოვეს.
ნომინაცაში "ამაგდარი ჟურნალისტი" გამარჯვებულებად დასახელდნენ გაზეთ "ასპინძის" რედაქტორი ნათელა ცისკარიძე, ასევე, ციცინო მჭედლიშვილი. წლის გამორჩეულ ფოლკლორისტებად მიიჩნიეს ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. შემდეგ ნომინაციაში დასახელდნენ პუბლიცისტი რევაზ შატაკიშვილი,წარმატებული ჟურნალისტი _ ვანიკო პავლიაშვილი, ბიზნესმენი გურამ ბერიკაშვილი, მედიაჯგუფი TBC TV სტუდიო.
ცნობისთვის, 10 წლის განმავლობაში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა უკვე 100-ზე მეტი ადამიანი დააჯილდოვა, მათ შორის, ოთხი უცხოელი.