11 თებერვალს, 18:00 საათზე, სასტუმრო "ბაზალეთში"
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მართავს "ახალგაზრდული იდეის" პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ტრენინგის დახურვის ცერემონიას. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი დედოფლისწყაროში (კახეთი) არსებულ ახალგაზრდულ ბანკზე, გაკეთდება მოხსენებები "ახალგაზრდული იდეის" ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებზე. ცერემონიაზე ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.
"ახალგაზრდული იდეის" 2011 წლის საგრანტო ციკლის დასაწყებად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ტრენინგი ჩაუტარა 200 ახალგაზრდას საქართველოს 24 მუნიციპალიტეტიდან.
"ახალგაზრდული იდეის" პროგრამის ფარგლებში ტრენინგი გაიარა ახალგაზრდული ბანკის 107-მა წევრმა. ხოლო ახალგაზრდული ბანკის მხარდაჭერით - 314-მა ახალგაზრდამ განახორციელა 97 მცირე საგრანტო პროექტი, რომლებიც მიმართული იყო მათ თემებში არსებულ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაზე. აღნიშნული გრანტებიდან 25% ეხებოდა არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობას, 25% - განათლებას, 19% - სპორტს, 14% - გარემოს დაცვას, ხოლო 10% - კულტურას.
"ახალგაზრდული ბანკის" იდეა ინიცირებულია ჩრდილოეთ ირლანდიის სათემო ფონდისა და ირლანდიის ახალგაზრდული ფონდის მიერ და გულისხმობს ახალგაზრდების მიერ პროექტების შემუშავებისა და მართვის მეშვეობით, მათ აქტიურ ჩართვას თემის ცხოვრებაში. 16-21 წლის ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, მცირე თანხების მეშვეობით, ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჩართულობას და ამ პროცესში თავადაც შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება. ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს შესძინოს საკმარისი ცოდნა და უნარები, რათა მათ უფრო ეფექტურად, წარმატებით და ობიექტურად შეძლონ გრანტების გაცემა და მართვა.
"ახალგაზრდული იდეის" პროგრამას ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომლის მისიაა კონკრეტული პროგრამების მხარდაჭერით ხელი შეუწყოს მოქალაქეებს განახორციელონ ცვლილებები სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.