ხვალ, 10 თებერვალს ბერლინის 61-ე კინოფესტივალს ძმები კოენების True Grit გახსნის.
ბერლინალე, ანუ როგორც მას კიდევ პოლიტიკური კინოს ფესტივალს უწოდებენ, მაყურებელს წელს საკმაოდ საინტერესო პროგრამას შესთავაზებს.
ფესტივალის პოლიტიკური დატვირთვა ჟიურის შემადგენლობის დასახელებასთან ერთად თვალნათელი გახდა. წელს ფესტივალის დირექტორმა ჟიურის შემადგენლობაში ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანახი მოიწვია, რომელიც რა თქმა უნდა ფესტივალს ვერ დაესწრება, მაგრამ მისი "სავარძელი" ცარიელი იქნება.
"ირანელი რეჟისორისთვის განკუთვნილი ერთი სავარძელი ცარიელი იქნება," _ განაცხადა ფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა.
პანახის საპატივცემულოდ ფესტივალზე რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმს "თამაშგარეს" აჩვენებენ, რომელმაც 5 წლის წინ ბერლინში ვერცხლის დათვი მოიპოვა.
თუნდაც აღნიშნული დამოკიდებულება, არის ერთგვარი პროტესტი, რომელსაც ბერლინში შეკრებილი კინოხელოვანები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოხატავენ.
კინოფესტივალს ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება.
"იზაბელა როსელინი მრავალმხრივ ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს", _ განაცხადა კინოფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა.
იზაბელა საყოველთაოდ აღიარებული შვედი მსახიობის ინგრიდ ბერგმანისა და იტალიელი რეჟისორის რობერტო როსელინის ქალიშვილია.
მისი კინოდებიუტი ვინსენტ მინელის ფილში "ეს დროის საკითხია" (A Matter of Time 1976) შედგა.
საყოველთაო აღიარება იზაბელა როსელინის დევიდ ლინჩის ფილმმა "ლურჯი ხავერდი" მოუტანა.
2008 წელს როსელინი ბერლინის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო ფილმით "მწვანე პორნო" (Green Porno), სადაც ის ერთდროულად რეჟისორი, პროდიუსერი და მთავრი როლის შემსრულებელიც იყო.
ჟიურის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილმინი იქნებიან ნინა ჰოსი, ამირ ხანი, გიუ მადინი, სანდი პოველი.
ფესტივალზე 22 საკონსურსო ფილმი წარმოდგენილი იქნება.