საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპასა და უკრაინას ამჟამად ბევრი არგუმენტი და საშუალება აქვთ რუსეთზე ზეწოლისთვის უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს - რჩება მხოლოდ უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების საერთო პოზიციების დაახლოება.
ამის შესახებ მაკრონმა განაცხადა ლონდონში მოლაპარაკებების დაწყებამდე, რომელშიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობენ.
„ჩვენ ყველანი ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ ყველანი ვუჭერთ მხარს მშვიდობას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელში ბევრი კარტი გვაქვს,“ - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფს უკრაინის დაფინანსებას, ორგანიზებას უწევს აღჭურვილობისა და სასწავლო პროგრამების მიწოდებას.
„ფაქტია, რომ უკრაინა ამ ომში წინააღმდეგობას უწევს და ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკა ზარალდება, განსაკუთრებით ჩვენი და შეერთებული შტატების ბოლო სანქციების შემდეგ. ახლა მთავარი საკითხია ჩვენი საერთო პოზიციების - ევროპელების, უკრაინელების და შეერთებული შტატების - დაახლოება, რათა დავასრულოთ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები და დავიწყოთ ახალი ფაზა საუკეთესო შესაძლო პირობებში უკრაინისთვის, ევროპელებისთვის და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.