იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ახალ პროდუქტ-პაკეტს სთავაზობს.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
მისი განცხადებით, ახალი სერვისის თანახმად, უცხოეთში მყოფ პირებს საშუალება აქვთ დისტანციური მომსახურეობის სერვისით ისარგებლონ და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ რეჟიმში გააკეთონ განცხადება: დაბადების, ქორწინების, განქორწინების, სახელის (გვარის, მამისა სახელის) შეცვლის, შვილად აყვანისა და გარდაცვალების განმეორებითი მოწმობების მიღების თაობაზე. ვებ-გვერდის მისამართია - www.pasport.gov.ge
ამავდროულად შესაძლებელია ამ განმეორებითი მოწმობების აპოსტილით დამოწმება, ლეგალიზაცია და თარგმნა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ამ დრომდე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს განმეორებითი მოწმობის მისაღებად უწევდა რთული და ხანგრძივი პროცედურის გავლა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
იგი უნდა მისულიყო ადგილობრივ ნოტარიუსთან (ან საკონსულო დაწესებულებაში), საქართველოში მყოფ წარმომადგენელზე უნდა გაეფორმებინა მინდობილობა, უნდა დაემოწმებინა აპოსტილით, გამოეგზავნა საქართველოში, ეთარგმნათ საბუთი, წარმომადგენელს უნდა მიეღო მოწმობა, დაემოწმებინა აპოსტილით და გაეგზავნა განმცხადებლისთვის.
ახალი სერვისის ფარგლებში, დისტანციური მომსახურების სამსახურში ონლაინ განცხადების გაკეთების საფუძველზე მოწმობა ორ სამუშაო დღეში იბეჭდება და იგი 50 ლარი ღირს. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმობება (ან ლეგალიზაცია) სამ სამუშაო დღეშია შესაძლებელი და ტარიფი 80 ლარით განისაზღვრა.
საზღვარგარეთ მყოფ პირს დაბეჭდილი დოკუმენტის მიღება შეუძლია ფოსტით, ან მინდობილი პირის მეშვეობით. ფოსტით საბუთის გადაგზავნის თანხა საფოსტო გადამზიდველების მიერ რეგულირდება.
მომსახურებასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად მუშაობს საინფორმაციო სამსახური რომლის ნომერია 40 10 10, შკყპე - passport.gov.ge da email: online@cra.gov.ge.