სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, ლონდონში ქართული სიმღერის კონცერტს დაესწრო.
კონცერტში სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და ბრიტანეთში მოღვაწე ქართული სიმღერის გუნდები მონაწილეობდნენ, რომელთა წევრებიც უმეტესად უცხოელები არიან.
კონცერტს პატრიარქის პირადი მიწვევით დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი - ბადენის პრინცესა მარგარი ესწრებოდა. მას ილია მეორემ საჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა, რომელზეც პატრიარქის სახელია ამოტვიფრული.
ილია მეორემ კონცერტზე მისულ ქართველებს მიმართა და მათ საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
"მე ასე წარმომიდგენია, რომ ქართველები არ დროებით ხართ. ჩვენ გელოდებით თქვენ საქართველოში, თქვენი წინაპრები იქ არიან. თქვენ ჩვენი სისხლი და ხორცი ბრძანდებით, ამიტომ ჩვენ დიდი სიხარულით ველოდებით თქვენს დაბრუნებას", - მიმართა პატრიარქმა ბრიტანეთში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებს, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ.