სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესი" შეშფოთებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
როგორც "ნაკრესში" აცხადებენ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქციის
უგულებელყოფას ნიშნავს და კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ, სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს სათანადოდ არა აქვთ გაცნობიერებული დაცული ტერიტორიების, როგორც გლობალური მნიშვნელობის ეროვნული საუნჯის, ღირებულება და მნიშვნელობა.
"ამგვარი ეჭვის საფუძველს ამყარებს თავად გარემოს დაცვის მინისტრის
კომენტარი იმის თაობაზე, რომ სამინისტროს რეორგანიზაცია არ ნიშნავს
სამინისტროს გაუქმებას, აქ „საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს გარემოსდაცვითი
კუთხით წმინდა სისხლის გარემოსდაცვითი სტრუქტურა..." ამ სტრუქტურაში კი,
როგორც გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, დაცული ტერიტორიების
სააგენტოსთვის ადგილი არ იძებნება. მინისტრის კომენტარიდან გამომდინარე,
დაცული ტერიტორიების დაცვა არ მიეკუთვნება ე.წ. „წმინდა სისხლის
გარემოსდაცვით" სფეროს", - აღნიშნულია "ნაკრესის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ნაკრესი" მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულმა სტრუქტურულმა ცვლილებამ შესაძლოა
სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ბუნებას.
"მიგვაჩნია, რომ პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენამდე საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ საკითხს და აქციოს საჯარო განხილვის საგნად", - აცხადებენ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში.