ევროკავშირი მზადაა სომხეთს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოტენციური ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმაროს.
სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.მარტა კოსმა ბრიუსელში სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა მოლდოვის გამოცდილებას, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა სცადა საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა დეზინფორმაციის აქტიური გავრცელებითა და კიბერშეტევებით.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გამოყოს 12 მილიონი ევრო, რათა დაეხმაროს სომხეთს ეფექტურად ებრძოლოს მსგავს ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებიც შეიძლება არჩევნების წინა პერიოდში მოხდეს.
მან განმარტა, რომ ეს მხარდაჭერა გააძლიერებს შესაბამისი სომხური ინსტიტუტების შესაძლებლობებს ჰიბრიდული საფრთხეების პროგნოზირებისა და მათზე რეაგირების მიმართულებით.
მარტა კოსმა დასძინა, რომ 12 მილიონი ევრო არა მხოლოდ სომხეთის მთავრობას გამოეყოფა, არამედ მისი გამოყენება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაც შეეძლება, რომელთა როლიც ძალიან მნიშვნელოვანია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლაში.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის აქტიურ მონაწილეობას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ამის გარეშე რაიმე შედეგის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.
ევროკომისარმა ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა შესაბამისი ინსტიტუტების არსებობას, რომლებიც მზად იქნებიან ჰიბრიდული საფრთხეების ადეკვატურად დასაძლევად.