2011 წლისთვის აჭარა სამიზნე ბაზრების არეალს აფართოებს. "აჭარის ტურიზმის სააგენტოს" ხელმძღვანელის, სოფო ნიკოლაიშვილის განმარტებით, სააგენტომ მიზნობრივ ქვეყნებზე მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო.
"ამ დროისათვის ჩვენთვის სამიზნე ბაზრები არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა და ბელორუსია. ცალკეული ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება იგეგმება"- აცხადებს "აჭარის ტურიზმის სააგენტოს" ხელმძღვანელი.
ნიკოლაიშვილის განმარტებით, უახლოეს დღეებში რამდენიმე უცხოურ ტურისტულ სააგენტოსთან ხელშეკრულებაც გაფორმდება. მისივე ინფორმაციით, 11-13 თებერვალს ლატვიაში საერთაშორისო გამოფენა ტარდება, სადაც აჭარაც მონაწილეობს.
"სწორედ ლატვიელი ტურისტებისთვის სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური ტურები. ტურის შემუშავებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ლატვიელი მომხმარებლების მოთხოვნილებები და მათ იმ ტურისტულ პროდუქტის შევთავაზებთ რომელიც ამ სამიზნე ბაზრის ტურისტებისთვის იქნება მისაღები.
ასეთივე მიმართულებით ვმუშაობთ ირანზეც. თითოეულ პაკეტზე მუშაობისას ვითვალისწინებთ ყველა ქვეყნის ტრადიციებს, თუ რა ტიპის ტურისტული მომსახურება უნადათ მათ, ასევე თუ რა ფასებში სურთ დასვენება. ამისათვის კი წინასწარ ვიკვლევთ ბაზარს, წინასწარ გვაქვს ურთიერთობა სამიზნე ქვეყნის ტურ-ოპერატორებთან. ლატვიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის შემდეგ გამორიცხული არ არის, რომ 5 სააგენტოსთან კონტრაქტიც გავაფორმოთ, თუმცა ეს ჩვენს პრეზენტაციებზე იქნება დამოკიდებული" აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.