საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციის წევრებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მართლმადიდებელი ქვეყნების მისწრაფებებზე, წვლილი შეიტანონ იმ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში, რასაც მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა ჰქვია.
"მართლმადიდებლობა გარდა რელიგიურობისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, კულტურული და რელიგიური ღირებულება, რომელიც უნდა დაგვეხმაროს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებაში და სწორედ ამიტომ ვითვალისწინებთ მათ თხოვნასა და რეკომენდაციებს", - განაცხადა ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ და იმედი გამოთქვა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ამ ორგანიზაციასა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა გააქტიურდება.
მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ალტერნატიულმა გენერალურმა მდივანმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანასტასიოს ნერანტზისმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ვიზიტი 2007 წლის შემდეგ შეწყვეტილი კავშირების აღდგენას შეუწყობს ხელს.
"იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრა გახდება იმის საფუძველი, რომ ქართული მხარე აქტიურად ჩაებმება ასამბლეის საქმიანობაში, რომელიც მსოფლიოში პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის პრობლემების მართლმადიდებლობის დახმარებით მოგვარებას ითვალისწინებს. მართლმადიდებლობის ღირებულებების გათვალისწინებით, რომლებიც სიყვარულს, მშვიდობასა და სამართლიანობას ეფუძნება, უნდა შევძლოთ მშვიდობისა და სიყვარულისა დამკვიდრება მსოფლიოში", - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა.