ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, მთავრობაში სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო ვარიანტი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, მან შეასრულა პრეზიდენტის დავალება და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის რამდენიმე ვარიანტი მოამზადა.
როგორც გილაურმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გარემოს დაცვა და ეკოლოგია ამავე სამინისტროში დარჩება, ხოლო ბუნებრივი რესურსები და ლიცენზირება ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ რეფორმით ენერგეტიკის სამინისტროს პროფილი მნიშვნელოვნად იცვლება და ენერგეტიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტრო დაერქმევა. იმავდროულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებული ლიცენზირების დეპარტამენტი სამინისტროს გამოეყოფა და ის ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება. ასევე ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება დაცული ტერიტორიების სააგენტო სამინისტროს გამოეყოფა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის სახით შეუერთდება.
"მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა დამავალა განმეხილა სხვადასხვა ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია. მე ვიმუშავე როგორც გოგა ხაჩიძესთან, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან და რამდენიმე ვარიანტზე შევჯერდით, თუმცა ამ ვარიანტებს დღეს განვიხილავთ და შევეცდებით, საკანონმდებელო ინიციატივის სახით უახლოეს დღეებში პარლამენტში შევიტანოთ" - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რეორგანიზაციის თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და მას ანალოგიური კონსულტაცია დღეს დღის ბოლომდე აქვს ჩანიშნული. გილაურის განმარტებით, მთავრობა განიხილავს გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ორ ვარიანტს. კერძოდ, დღევანდელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შესაძლოა დარჩეს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროდ, ან გადაკეთდეს და ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატად.