„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“, – გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმამას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
„მზია ამაღლობელის ტელეფონზე დანიშნული იყო ექსპერტიზა. დასრულდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ. ვითხოვთ ამ დასკვნის საქმეზე დართვას“- აღნიშნა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.
პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, მზია ამაღლობელის ადვოკატები კი მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.
„ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„მისი თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის მინიჭების პროცედურები უნდა დაიწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ. მიმართული გვაქვს წერილით და იმედია, რომ დაიწყებენ პროცედურას“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.