საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
განათლების აღიარების სახელმძღვანელო ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას იძლევა. პრეზენტაცია ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით, უცხოეთის გამოცდილებასა და ქართული რეალობას განიხილავენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა ბოლონიის პროცესისა და ლისაბონის შეთანხმების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, საქართველოში შექმნილი განათლების ხარისხისა და მართვის ცენტრი, რომელსაც დავით კერესელიძე ხელმძღვანელობს, იქნება გარანტი იმისა, რომ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ხელოვნური ბარიერი აღარ შეექმნებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ სურგულაძის განცხადებით, საქართველო, განათლების სისტემის კუთხით, ევროპის ნაწილი უნდა გახდეს.
"2005 წელს საქართველო, განათლების სისტემის კუთხით, შეუერთდა ბოლონიის პროცესს. 2008 წელს კი ხელი მოეწერა საჯარო სამსახურების დაძმობილების, ე. წ. ტუნინგის პროექტს. თუ აქამდე აღიარებისა და მობილობის ხელშეწყობის მხრივ გარკვეული პროგრამები არსებობდა, ახლა ყოველივე ეს წარმატებით აღმოიფხვრება", - განაცხადა სურგულაძემ.