ხვალ, 8 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის სახელწოდებაა "თუმანიშვილის მოსწავლეები თუმანიშვილის თეატრში". პრეზენტაცია პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა დაესწრება. სიტყვით გამოვლენ თუმანიშვილის თეატრის მმართველი, ზურაბ გეწაძე, ასევე რეჟისორები, ლევან წულაძე, დავით დოიაშვილი და დავით საყვარელიძე.
პროექტი ქართველი რეჟისორის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორცილედება. მისი მიზანია, თუმანიშვილის აღზრდილმა, სხვადასხვა თაობისა და ხელწერის მქონე ისეთმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ლევან წულაძე, დათო დოიაშვილი, დავით საყვარელიძე, თუმანიშვილის მიერ დაარსებულ კინომსახიობთა თეატრში დადგან თითო სპექტაკლი. ხოლო 2012 წლის 6 თებერვალს, თუმანიშვილის დაბადების დღეზე, გაიხსნას კვირეული, სადაც ყოველ დღე წარმოდგენილი იქნება პროექტში მონაწილე რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები.
გარდა ამისა, თუმანიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით, თუმანიშვილის თეატრის ინიციატივაა, 2011 წელი გამოცხადდეს მიხეილ თუმანიშვილის წლად. ამასთან დაკავშირებით კი შედგეს რიგი პროექტებისა, რომელთა განხორცილებაც დაიწყო 2011 წლის 4 თებერვლიდან: მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული წიგნების პრეზენტაცია; მიხეილ თუმანიშვილის ნახატების გამოფენა; მიხეილ თუმანიშვილის წიგნების - "სანამ რეპეტიცია დაიწყება", "რეჟისორი თეტარიდან წავიდა" და "ახლა კი ფარდა" ხელმეორედ გამოცემა-პრეზენტაცია; მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების მაკეტებისა და კოსტუმების გამოფენა; მიხეილ თუმანიშვილის შესახებ გადაღებული ფილმის - "გამჭოლი მოქმედება" (რეჟისორი გ. ლევაშოვი) ჩვენება და მასტერკლასის ჩატარება სტუდენტებისთვის; ფოტო გამოფენის მოწყობა; თბილისის ერთ ერთი ქუჩიათვის მიხეილ თუმანიშვილის სახელის მინიჭება; მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლის - "ჩვენი პატარა ქალაქის" _ აღდგენა.
მიხეილ თუმანიშვილსა და მის მოწაფეებს ეკუთვნით 70-ზე მეტი სპეკტაკლი, რომლებმაც აღიარება მოიპოვა, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. თუმანიშვილის "დონ ჟუანი" ედინბურგის ფესტივალის სპექტაკლების საუკეთესო ათეულშია შესული. ეს ის ლეგენდარული სპექტაკლია, რომლის შესახებაც პიტერ ბრუკმა თქვა: "თუ გსურთ, იხილოთ ნამდვილი მოლიერი, წადით საქართველოში და ნახეთ თუმანიშვილისეული წარმოდგენა". ლონდონში გამართულ შექსპირის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე თუმანიშვილის "ზაფხულის ღამის სიზმარი" საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს.
პროექტი "თუმანიშვილის მოსწავლეები - თუმანიშვილის თეატრში" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.