სახალხო დამცველი, 28 იანვარს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შენობის ბოლო სამი თვის განმავლობაში მეორედ დარბევის ფაქტს ეხმაურება.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირველად, 2010 წლის 19 ნოემბერს, უცნობმა პირებმა შეამტვრიეს შენობის ფანჯრები და დაარბიეს მოზარდებისათვის განკუთვნილი, საკვირაო სკოლისათვის გამოყოფილი ოთახი. სკოლაში განთავსებული ნივთები და ინვენტარი ძირს იყო გადმოყრილი და ფეხით გათელილი. ნივთების ნაწილი ეზოში იყო მიმოფანტული. იმავე დღეს ეს ფაქტი ყვარლის პოლიციის განყოფილებას ეცნობა, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.
გამომძიებელთა ჯგუფმა უშუალოდ მოინახულა საეკლესიო შენობა, გადაიღო ფოტოსურათები და დაკითხა ეკლესიის ახლოს მცხოვრები მეზობლები. როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია. ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ამ დარბევაში მოზარდები მონაწილეობდნენ.
"2011 წლის 28 იანვარს კვლავ მოხდა აღნიშნული შენობის დარბევა. ეკლესიაში მისულ მრევლს შენობის კორიდორში ფეკალური მასები დახვდა. საეკლესიო ნივთები, ჯვარი, ასევე მოსწავლეების ნახატები და სხვადასხვა ტიპის ინვენტარი გადმოყრილი და დაზიანებული იყო. ადგილობრივი პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ დარბევაში 11-12 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. მოზარდებმა ბაპტისტური ეკლესიის მრევლის წინაშე მშობლების თანდასწრებით ბოდიში მოიხადეს. ამავდროულად, ეს მოზარდები წინა დარბევაში მონაწილეობას უარყოფენ. აღსანიშნავია, რომ ამავე სოფელში 2002 წელს უცნობმა პირებმა გადაწვეს და გაანადგურეს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შენობა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია და დამნაშავე არ არის გამოვლენილი. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესის აღდგენა ახალსოფელში მხოლოდ 2005 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩების მხარდაჭერით მოხერხდა", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ წერილში.
სახალხო დამცველის განცხადებით, 28 იანვარს მომხდარი ფაქტი და მასში მოზარდების მონაწილეობა შემაშფოთებელია. აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, როდესაც შეუწყნარებლობა ამ ასაკის ბავშვებში ასე მძაფრად ვლინდება და ვანდალური ქმედებების ხასიათს იღებს, გაცილებით სერიოზული დაფიქრებაა საჭირო იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მთლიანად საზოგადოების, სასწავლო დასელებულებებისა თუ ზოგადად სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემის გადასაჭრელად ან მოსაგვარებლად.
"აუცილებელია, გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, გატარდეს საფუძვლიანი საგანმანათლებლო სამუშაო მოზარდებში ტოლერანტობის კულტურის გასაღმავებლად.
უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამგვარ ფაქტებს სამართალდამცველების მხრიდან, აუცილებელია სიღრმისეულად მოხდეს ყველა ფაქტორის შესწავლა, რაც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს და უბიძგებდეს მოზარდებს ძალადობისაკენ, რადგან არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ არასრულწლოვნები ადვილად მოექცნენ ზეგავლენის ქვეშ და შესაძლოა ადგილი ქონდეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების წაქეზებასაც. მინდა მოვუწოდო მოზარდებს, მათ ოჯახებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, გააცნობიერონ, რამდენად დიდია შეუწყნარებლობის პროპაგანდის საფრთხე და რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდებში განსხვავებულისადმი ნეგატიური სტერეოტიპების აღმოფხვრას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას.
ჩვენ მრავალკონფესიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც თითოეული მოქალაქე, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა, თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, ეს არის დღეს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი. აქედან გამომდინარე, შეუწყნარებლობა და ამ ნიადაგზე განხორციელებული, სიძულვილით მოტივირებული ქმედებები ლახავს თითოეული ჩვენგანის ღირსებას, საფრთხეს უქმნის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და დემოკრატიულ ღირებულებათა განვითარებას", -ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ წერილში.