ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური სიმწიფის ერთადერთი სწორი გამოვლინება იქნებოდა ბოდიში, ამის ნაცვლად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება თავზე ნაცრის წაყრაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაზე.
„დღეს ვისურვებდი, ევროკავშირის ბოდიშზე გამეკეთებინა კომენტარი. ეს ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური სიმწიფის ერთადერთი სწორი გამოვლინება იქნებოდა. ამის ნაცვლად, ბრიუსელის მხრიდან გაკეთებული განცხადება თავზე ნაცრის წაყრაა. თითქოს, ევროკომისიის პრესსპიკერი არ იყო, სახელმწიფო დამხობის აქციას რომ მხარს უჭერდა? სამწუხაროდ, ბრიუსელის მხრიდან ეს განცხადებები გაფუჭებულ მაგნიტოფონს ჰგავს, როცა კასეტა ჩაიხვევს და მისი ჩართვა რამდენჯერაც არ უნდა სცადო, განსხვავებულ სიტუაციაში, განსხვავებულ კონტექსტში ერთსა და იმავეს იმეორებს. თავზე ნაცრის წაყრას და რადიკალურ ოპოზიციაზე თავზე ხელის გადასმას რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებენ, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით მეტად დაიგრძელებენ. ამიტომ, არჩევანი მათზეა. როგორც ჩანს, ბევრს მარცხის აღიარება უჭირს, როცა ძლიერის პოზიციიდან გრძნობენ თავს. მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს, ფსონები არასწორ ორგანიზაციებზე, პარტიებზე დადეს, რის გამოც მწარედ დამარცხდნენ და ახლა ამ მარცხის აღიარება უჭირთ. სხვა შემთხვევაში, იმის აღიარება მოუწევთ, რომ ამ ყველაფრის ავტორები და შემსრულებლები თავად იყვნენ. ოღონდ ავტორობასა და შესრულებაში შეცდომები დაუშვეს და დამარცხდნენ. შემიძლია, არგუმენტად ზოგიერთი ელჩის ქმედებები მივაწოდო, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ წინასაარჩევნო პროცესებში ერევიან და საგარეო ჩარევის გზით ცდილობენ, განსხვავებული საარჩევნო შედეგები დააყენონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.