ერთიანობით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის „დაფინიშებას“. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცხადია, სწორედ ამ ერთიანობით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის „დაფინიშებას“. ქართველი ხალხი ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ქარვასლას, რომელიც წლების განმავლობაში გახსნილია სწორედ ივანიშვილის დავალებით, დახურავს. დასრულდება არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ პოლიტიკური კომერცია და ვაჭრობა. ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას. ეს 4 ოქტომბერს მოხდება“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ლაშა ფარულავას თქმით, 4 ოქტომბერი არის საერთო-სახალხო დღე.
„4 ოქტომბერი არის საერთო-სახალხო დღე და დიდი ერთიანობა არის გადამწყვეტი. დიდი ერთიანობა, წინააღმდეგობა არის გამარჯვების ფორმულა, ვინაიდან ძალა ერთობაშია. შეკრული და მთლიანი ქართული საზოგადოება პასუხს გასცემს ივანიშვილს და მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის დახლთან დგანან და ქართველი ხალხით ვაჭრობენ. ეს ვაჭრობა დასრულდება და ივანიშვილის რეჟიმი სამუდამოდ დაასრულებს საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას“,- განაცხადა ფარულავამ.
შეკითხვაზე, ელოდება თუ არა რუსთაველის გამზირზე პროცესების ძალადობრივი გზით განვითარებას, ლაშა ფარულავამ უპასუხა, რომ ქართველი ხალხის რეჟიმს განაჩენს გამოუტანს.
„ველოდები იმას, რომ ქართველი ხალხი გამოიტანს განაჩენს და ეს განაჩენი რუსთველზე დასრულდება. ცხადია, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან კალაპოტს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის წინსვლა, მათ შორის გზის გაგრძელება ევროკავშირისკენ. ევროკავშირის კარი შიგნიდან ჩაკეტა ივანიშვილმა და ჩვენ ვაპირებთ ამ კარის გახსნას ქართველ ხალხთან ერთად“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისი შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისია შექმნილი და ერთადერთი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. „ივანიშვილმა იძალადა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე. ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს და ცხადია, ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.