პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მოლდოვის არჩევნების გაშუქებამ აჩვენა, როგორ გულშემატკივრობდა “ქართული ოცნება” პრორუსულ ძალებს და როგორ არ სურდა მაია სანდუს გამარჯვება - ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი მათი პროდასავლური კურსის სიყალბისა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“როდესაც ჩვენი პროპაგანდისტები საუბრობენ საქართველოს პროდასავლურ კურსზე, რატომღაც ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ მაინც იმ პროპაგანდის პედალირებით, რომ საქართველო თითქოს მაინც დასავლეთისკენ მიდის და ცდილობს ევროინტეგრაციას, ამ დროს უნდა ჩაიხედონ სარკეში და შეხედონ იმ გაშუქების სტილს, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მოლდოვის არჩევნების გაშუქებისას, როგორ გულშემატკივრობდა “ოცნება” და მათი სატელევიზიო არხები პრორუსული პარტიების გამარჯვებას, როგორ არ უნდოდათ მაია სანდუს გამარჯვება და როგორ გულშემატკივრობდნენ, რომ როგორმე იქნებ კომუნისტებს და პრორუსებს გაემარჯვა მოლდოვაში. ყველაზე მარტივი და ნათელი ტესტია ამ ადამიანებისთვის, რომ დაინახონ საკუთარი თავი სარკეში, დაიმახსოვრონ 29 სექტემბერი ვის გულშემატკივრობდნენ და ვისი წარმატება უნდოდათ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.