შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე ორი პირი: 1994 წელს დაბადებული თ.კ. და 1993 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ბ. დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინის და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“.
ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის ელექტრო სასწორები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.