6 თებერვალს, 18:00 საათზე, "სამოსელი პირველის" პირველ კოლექციას "ბაგრატიონის" დარბაზი უმასპინძლებს. კოლექციაში ქალისა და მამაკაცის 40-ზე მეტი მოდელია წარმოდგენილი, თავისი სამკაულებითა და აქსესუარებით. კოლექციას წარადგენენ სამი წამყვანი ქართული საცეკვაო დასის _ რუსთავის, სუხიშვილებისა და ერისიონის წევრები. მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ნიაზ დიასამიძეს.
კოლექცია საქართველოს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ სამოსსა და აქსესუარს მოიცავს. კერძოდ, ქალთა კოლექცია მოიცავს ქართულ სარტყელ-გულისპირიანი კაბებსQქათიბებით, ჩიხტიკოპებითა და მანდილებით, აჭარული კაბებს სარტყელებითა და თავსაბურავი ყაბალახებით, მეგრულ-აფხაზურ კაბას ვერცხლის ქამრითა და ჩაფრასტებით, რაჭულ სამოსს ტრადიციული მანდილით, მოხევურ, სვანურ, თუშურ, მესხურ სამოსს ვერცხლის ჩაფრასტებით, ქამრებითა და სამკაულებით, მანდილითა და კუჭურაით, ხევსურული კაბას და ქოქლოს. გარდა ამისა, წარმოდგენილია ქალის რამდენიმენაირი ახალუხი, ჩექმა და ფეხსაცმელი.
მამაკაცების კოლექციაში წარმოდგენილია გურულ-აჭარული ჩაქურა წუღა-მესტით, ნაჭრის სარტყლითა და ტყავის ქამრით, ტყავის სასწრაფოთი, საფულითა და მათარით, თავადური კაბა ვერცხლის ქამრით, ხევსურული ჩოხა და ტალავარი, ასევე თუშური ზამთრის ჩოხა, ქართლ-კახური სადა და "თავადური" ნაქარგი, მეგრული და რაჭული ჩოხები ვერცხლის ქამარ-ხანჯლითა და ქილებით, გრძელი და მოკლე ახალუხები, ყაბალახები, აზიური და მხედრული ჩექმა.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეროვნული სამოსის (როგორც ქალის, ისე მამაკაცის) აქსესუარების წარმოებას, როგორებიცაა ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყელები, საფულეები, ქისები, ქალისა და მამაკაცის ეროვნული სამოსის შესატყვისი ჩექმა, ფეხსაცმელი, სხვა. ამ მიზნით კომპანიას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოში წამყვან საეკლესიო და საერო სახელოსნოებთან "ფოკანი", რომლებსაც ტიხრული მინაქრის ცნობილი ხელოვანი დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს. სწორედ "ფოკანთან" თანამშრომლობით "სამოსელი პირველის" შეკვეთით შექმნილია დასახელებული აქსესუარების კრებული.
ყველა აქ ჩამოთვლილი ნაწარმზე მიიღება შეკვეთები. დამზადების დროს გათვალისწინებული იქნება დამკვეთის სურვილი (საქორწილო და სხვა სადღესასწაულო ვითარების შესაბამისად).
ეროვნული სამოსის საერთაშორისო სტანდარტების კომპანია "სამოსელი პირველი"2009 წელს დაარსდა. კომპანია ორგანიზებულია ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპით და აერთიანებს თანამედროვე საწარმო/სამკერვალოს, კვლევით ცენტრსა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის მაღაზიას, რომელიც მომავალში მაღაზიათა ქსელში გადაიზრდება.
"სამოსელი პირველის" გენერალური დირექტორის, ლუარსაბ ტოგონიძის თქმით, კომპანიის დამფუძნებლების მიზანია ხელი შეუწყონ ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული სამოსის საკადრისი ადგილის დაბრუნებას და მისი ღირსებისა და სილამაზის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.
კომპანიის ბირთვს შეადგენს პროფესიონალი მკვლევარების, მხატვრების, მკერავებისა და მმართველების გუნდი, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია ემდეგი ძირითადი მიმართულებებით მუშაობენ: სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში, ასევე კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსის, ასევე შესაბამისი სამკაულებისა და სამშვენისების მოკვლევა და ზედმიწევნით შესწავლა;. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული ქსოვილის, სამოსელისა და სამკაულების დამზადების ოსტატთა მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება; ისტორიულ წყაროებში, არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ მხატვრული, ფოტო- და წერილობითი მასალის მოძიება/დამუშავება; მოძიებულ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა სახეობის ეროვნული სამოსის ნიმუშების აღგენა; სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ქსოვილების, ასევე თანამედროვე სამკერვალო დანადგარების საქართველოში ჩამოტანა და თბილისში საკუთარი, საერთაშორისო დონის სამკერვალო/საწარმოს შექმნა; ნაწარმის უზადო ხარისხის მისაღწევად კომპანიის მართვის თანამედროვე საერთაშორისო დონესთან შესაბამისობაში მოყვანა; საკუთარი პირველი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღაზიის გახსნა.
კომპანიის პირველი მაღაზია თბილისში ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე N 22-ში 2010 წლის 24 აპრილს გაიხსნა. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო ჩოხა-ახლუხი და მისი თანმხლები ყველა საჭირო სამშვენისი.
კომპანიის სახელწოდება "სამოსელი პირველი" აღებულია წმინდა სახარების ერთერთი მთავარი იგავიდან, რომელსაც იესო ქრისტე თავის მოციქულებს მოუთხრობს. ამ იგავს უძღები შვილის იგავი ეწოდება და მასში მაცხოვარი მოციქულებს უყვება უძღები შვილის შესახებ, რომელმაც მამას უღალატა, თავისი კუთვნილი მემკვიდრეობა გაფლანგა, თვითნებობასა და აღვირახსნილებაში გადაეშვა და ამით საბოლოო ჯამში დიდ განსაცდელში ჩავარდა. უდიდეს გაჭირვებაში მყოფი უძღები შვილი სინანულით მამასთან ბრუნდება და თუმცა შვილობის ღირსად თავს არ მიიჩნევს, მაინც იმედი აქვს, რომ მას მამის სახლში მსახურად მაინც მიიღებენ. მისი სინანულის დამნახველი მამა სიხარულის ცრემლით შორით გამოეგებება შვილს, გულში ჩაიკრავს და ამბორს უყოფს მას და სახლის მსახურებს ეტყვის: "გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას... რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა". ამრიგად, კომპანიის დასახელებაში ასახულია ქრისტიანული მსოფლმხედველობის ქვაკუთხედი: საკუთარი ცოდვის სინანული და იმედით უფალთან მისვლა. ქართულ ეროვნულ სამოსთან მიმართებაში კი ნიშნავს ტრადიციის პატივისცემას, მასთან სიხარულითა და იმედით დაბრუნებასა და მის ერთგულებას.
ასევე საგულისხმოა კომპანიის ნიშანი, რომელიც ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა და ხელოვანმა, ბატონმა ნიაზ დიასამიძემ შექმნა. კომპანიის თხოვნით, ხელოვანმა შთაგონების წყაროდ ქართული ფილმი "მაცი ხვიტია" გამოიყენა, სადაც შავ-თეთრ კარდებში ასახულია ქართული მხედრობის ულამაზესი სურათები ცხენზე შემდგარი ჭენებით. ქართული მხედრული ტრადიციის ეს ულამაზესი და უძველესი ილეთი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი, მათ შორის გასული საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში მოხვედრილი ქართველი ემიგრანტების წყალობით. დიასამიძის მიერ შექმნილი გაჭენებულ ცხენზე მშვიდად შემდგარი მხედრისსიმბოლო განასახიერებს ქართული ეროვნული ხასიათისათვის დამახასიათებელ ხალისსა და სილაღეს.
"სამოსელი პირველი" თავის მაღაზიებში მომხმარებელს შესთავაზებს ქართული ოჯახური ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ნივთებსაც, როგორებიცაა მუსიკალური ინსტრუმენტები (ფანდურები, გიტარები, სალამურები, დოლები), ინტერიერის ლამაზი ძველებური სამშვენისები (პატეფონები, საკერავი მანქანები, პენსნეები, კაბინეტის ნივთები). მაღაზიაში იმუშავებს ფოტოსალონი სადაც მომხმარებლისათვის შესაძლებელი იქნება ძველ ტრადიციულ სამოსში ფოტოს გადაღება რეტროს სტილში, მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ესთეტიკის შესაბამისად.
კომპანია ცდილობს შექმნას გარემო, სადაც მომხმარებელი ტრადიციასთან ურთიერთობით მიიღებს სიამოვნებას და ნივთის შეძენა აღარ იქნება უბრალო ვაჭრობა, არამედ ქართულ სულიერებასა და საუკუნეებით დახვეწილ გემოვნებასთან ზიარება.
უახლოეს მომავალში დაარსდება "სამოსელი პირველის" საპატიო მომხმარებელთა კლუბი, რომლის წევრები მიიღებენ ეროვნულ სამოსთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით წარმოებულ პროდუქციაზე, მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს და იქნებიან სასურველი სტუმრები კომპანიის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაზე.
კომპანია გეგმავს 5 წლის განმავლობაში საქართველოს სხადასხვა ქალაქსა და თბილისში 10-მდე მაღაზიის გახსნას და არსებული საწარმოსა და კვლევითი ცენტრის გაფართოებასა და დახვეწას. სამომავლოდ კომპანია გეგმავს საკუთარი მაღაზიების უცხოეთში გახსნასაც, განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ.