ხახულისა და არდაშენის გადმოცემის გარეშე მეჩეთების მშენებლობის დაწყებას საპატრიარქო გაუმართლებლად მიიჩნევს.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო იმედოვნებდა, რომ ა. წ. 18 იანვრის განცხადების შემდეგ საპატრიარქო ჩართული იქნებოდა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენის შესახებ.
"სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და პროცესი კვლავ ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვითარდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ხახულისა და არდაშენის გადმოცემის - ანუ ამ სახის ნაცვალგების - გარეშე მეჩეთების მშენებლობის დაწყება გაუმართლებლად მიგვაჩნია. გვინდა განვმარტოთ, რომ არდაშენი არ არის მხოლოდ ტაძარი; იგია ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი და, აქედან გამომდინარე, მისი აღდგენა არა მარტო არდაშენის, არამედ მთელი ამ მხარის, ლაზეთის, ქართული ეთნოკულტურისა და საეკლესიო სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენას ნიშნავს. იგივე ითქმის ტაოში ხახულის მონასტრის ამოქმედების შესახებ. ვფიქრობთ, აქ მეჩეთის ფუნქციონირება თურქებისთვისაც კი დიდ საჭიროებას არ უნდა წარმოადგენდეს, მით უმეტეს, რომ თურქეთში არსებულ ბერძნულ ტაძრებში მეჩეთები არ ფუნქციონირებს, ხოლო ახლახან ერთ-ერთ სომხურ ტაძარზე ჯვარიც კი დაიდგა", - აღნიშნავს საპატრიარქო.
საპატრიარქო მიიჩნებს, რომ საქართველოში ასაშენებელი მეჩეთები, მუსლიმთა ორგანიზაციის საკუთრება არის და იქნება, ხოლო თურქეთში აღსადგენი ტაძრები დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს და საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არ მოიაზრება, რაც სამართლიანი არ არის.
"ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება ჩვენს კონსტრუქციულ წინადადებას გაითვალისწინებს მოლაპარაკებებისას", - დასძენს საქართველოს საპატრიარქო.