საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი "საქნახშირის" ხელმძღვანელობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კმაყოფილია.
"მიუხედავად იმისა, რომ, რიგი ჩინოვნიკების მიერ, პროფკავშირების მოქმედებებთან დაკავშირებით, უსაფუძვლო ბრალდებები და უტაქტო კომენტარები გაისმა, პროფკავშირებმა ბოლომდე შეინარჩუნა კონსტრუქციოლობა და ორიენტირებული იყო არა საკუთარ პატივსა და ღირსებაზე, არამედ დასაქმებულების უფლებების დაცვაზე. შედეგად, გაფიცულების თანხმობით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მოაგვარებს სწორედ იმ პრობლემებს, რომელთა შესახებ საკითხებს ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით, როცა მეშახტეებთან დაკავშირებით ვსაუბრობდით", - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება იქნება წარმატებული და "არც კომპანიას შეეშლება ხელი მუშაობაში და დასაქმებულებიც იგრძნობენ თავს საწარმოს ნაწილად".
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, იმედის მომცემია ის, რომ ხელშეკრულებაში საკმადო დიდი ადგილი აქვს დათმობილი შრომის უსაფრთხოებას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, ხელფასების მატებას.
"დასაქმებულთა პირველ ჯგუფზე ხელფასების მომატება უკვე 7 რიცხვიდან განხორციელდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოლაპარაკებები უფრო ადრე გახდებოდა პროდუქტიული, პროფკავშირების მიერ შეთავაზებული წინადადებები იგნორირებული რომ არ ყოფილიყო. შრომა ტყიბულის შახტებში იქნებოდა უსაფრთხო, პროფკავშირები ჩვენი პირველივე რეაგირებისთანავე რომ ჩავერთეთ პროცესებში, კომისიებში. უფრო ადრე მივაღწევდით შედეგებს, ანტიპროფკავშირული რიტორიკა რომ არ აემოქმედებინათ და ამით კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინათ დასაქმებულები, რომლებიც პროფკავშირებს ენდობიან. ამჯერადაც, მათ ჩვენი ნდობის გამო განაცხადეს თანხმობა შეთანხმებაზე ხელმოწერასა და შახტებში ჩასვლაზე", - განმარტავს პეტრიაშვილი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ტყიბულის შახტების ხელმძრვანელობა აღარ გამოიყენებს დასაქმებულების დაშინებისა და იძულების მეთოდებს, რასაც აქამდე იყენებდა, პროფკავშირებთან მათი ურთიერთობის გამო.
"ერთმა იქურმა ხელმძრვანელმა განაცხადა, რომ თავის დასაქმებულებთან ურთიერთობაში შუამავლები არ სჭირდება. ცუდია, როცა პროფკავშირებს შუამავლად აღიქვამენ, როცა ასეთი აზრი არსებობს დამსაქმებლის აზროვნებაში. პროფკავშირები არის დასაქმებულთა ნაწილი, იგი სწავლობს დასაქმებულთა პრობლემებს და შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით ითხოვს საკითების მოგავრებას იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც საწარმოს აქვს", - განმარტავს ის და აქვე აცხადებს, რომ "პროფკავშირებს არასდროს მოუთხოვია, არ ითხოვს და არც ერთ შემთხვევაში არ მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე მის წევრებს ეკუთვნის. ყველაფერი ის, რაც ამ კონკრეტულ შეთანხმებაში ჩაიწერა, არის მეშახტეების საჭიროების მინიმუმი, უფრო მეტი, უკვე საწარმოს გამართულ მუშობაზე, მის შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ამჯერადაც თვალს ვადევნებთ ამ პროცესებს".
ამასთან, პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამ მოვლენაში იყო დანახვა იმისა, რომ შესაძლებელია საწარმოსა და დასაქმებულებისთვის ურთიერთსასარგებლო წინადადებებზე მოლაპარაკებების გზით შეთანხმება.
"გვაქვს სურვილი, ეს პრეცედენტი ყველგან იქანს დანერგილი. პროფკავშირები ყველაგან კონსტრუქციულები იქნებიან, თუკი ბეტონის კედელს არ აუშენებენ და მის ადეკვატურ, ლოგიკურ მოთხოვნებს წინააღმდეგობა არ შეხვდება", - დასძენს პეტრიაშვილი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მადლობას უხდის ყველა გაფიცულს, გაფიცვაში მონაწილე ყველა ადამიანს, ყველას, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა გაფიცულებს.
შეგახსენებთ, რომ ადამინისტრაციასთან შეთანხმებას ტყიბულის შახტების გაფიცულმა თანამშრომლებმა გუშინ, 3 თებერვალს მიაღწიეს.