ამის შესახებ დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ნარკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის გელა ლეჟავას გამოსვლის გამოხმაურებისას განაცხადა.
ლეჟავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში მანდატურები შევიდნენ, ეს საკმარისი არ არის, რადგან ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული ხშირ შემთხვევაში მათ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება.
"აშშ-ის სკოლებში ყველა მერვე ბავშვს დეპრესია აქვს და ყველა მე-12 სპეციალურ ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან დეპრესია ჩვენს ბავშვებშიც ხშირია, განსაკუთრებით კი გოგოებში, ამიტომ აუცილებელია სკოლაში ფსიქოლოგ-პედაგოგი შევიდეს", - აღნიშნა გელა ლეჟავამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კი განათლების მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ რამდენიმე სკოლაში ფსიქოლოგის ინსტიტუტი არსებობდა, თუმცა მისი მოვალეობები არ იყო ჩამოყალიბებული და ამის გამო უმოქმედო გახდა.
"ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ვმუშაობთ, რომ სკოლებში შეიქმნას ფსიქოლოგის ინსტიტუტი, თუმცა ქმედუნარიანი, რომ იყოს აუცილებელია მისი მოვალეობებთან დაკავშირებით ერთიანი გეგმის შემუშავება, რომელიც სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში დაიდება", - აღნიშნა ქურდაძემ.