რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, სტალინი ყველა სამხედრო ტყვეს მოღალატედ არ მიიჩნევდა
მეორე მსოფლიო ომის დროს იოსებ სტალინს არ გაუცია წერილობითი განკარგულება, რომ ყველა სამხედრო ტყვე მოღალატედ ჩაეთვალათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების დევნა არ ხორციედებოდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა მამულის დამცველთა ხსოვნის უკვდავყოფის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე კირილინმა განაცხადა.
"რატომღაც ნორმად იქცა, თითქოს სტალინმა ყველა სამხედრო ტყვე მოღალატედ მიიჩნია და მათი ოჯახების რეპრესირების განკარგულება გასცა. მსგავსი დოკუმენტი არასდროს მინახავს. ტყვეობიდან დაბრუნებულ 1 მილიონ 832 ათასი საბჭოთა მეომარს შორის გერმანელებთან თანამშრომლობის გამო მხოლოდ 333 400 ადამიანი გასამართლდა,"_აღნიშნა კირილინმა.
მისი თქმით, დოკუმენტურად არ მტკიცდება სტალინის ცნობილი გამოთქმა: "ჩვენ არ გვყავს სამხედრო ტყვეები, არამედ ჩვენ გვყავს მოღალატეები."
"რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში ადამიანების ტოტალური შემოწმება ხდებოდა, არსებობდა ფილტრაციის პუნქტები და ბანაკები, სადაც ადამიანებს ამოწმებდნენ, მაგრამ შეგნებულად და მიზანმიმართულად სამხედრო ტყვეებს არავინ ანადგურებდა,"_ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.